skola24.ge

შინაგან სამინისტროს სსიპ "112"-ის მიმართვა მოსწავლეებს

skola24.geბავშვებო, კარგად უნდა მოხდეს იმ ზიანის და უარყოფითი შედეგების გააზრება, რომელიც გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში არამიზნობრივი (ცრუ გამოძახების, ცრუ შეტყობინებები სხვადასხვა ობიექტებში ნაღმის არსებობის შესახებ, გართობის ან დროის გასაყვანად) ზარის განხორციელებას მოჰყვება: აუცილებელია, ვიცოდეთ, რომ არამიზნობრივი ზარების განხორციელება „112“-ში მნიშნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს აღნიშნული ცენტრის გამართული და ოპერატიული მუშაობისთვისათვის. ცრუ შეტყობინებები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გადაუდებელი დახმარების მართვის სისტემაში ჩართული სამსახურების (პოლიცია, სასწაფო დახმარება, სახანძრო სამსახური) ეფექტურ ფუნქციონირებას და შესაბამისად, ამცირებს მოქალაქეთათვის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობას. ყურადსაღებია, რომ არამიზნობრივი ზარის განხორციელებისას, ერთის მხრივ, იტვირთება „112“-ის საკომუნიკაციო სისტემა, რის გამოც შეიძლება შეფერხდეს ან ვერ მოხერხდეს დახმარების აღმოჩენა იმ მოქალაქეებისათვის, რომელთაც გადაუდებელი დახმარება რეალურად ესაჭიროებათ, ხოლო მეორეს მხრივ, არამიზნობრივად იხარჯება გადაუდებელი დახმარების შემთხვევისას ოპერატიულ რეაგირებაზე უშუალოდ პასუხისმგებელი დაწესებულებების (პოლიცია, სასწაფო დახმარება, სახანძრო სამსახური) ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსები.

 

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ქმედების განხორციელებისას დგება არა მხოლოდ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების, არამედ ასევე კანონის წინაშე პასუხისმგებლობის საკითხიც: გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დროს საქართველოში გახშირდა ანონიმური ცრუ შეტყობინებები (სხვადასხვა ობიექტებში ნაღმის არსებობის შესახებ), რაც მოსახლეობაში სტრესს იწვევს და სერიოზულ ფინანსურ ზიანს აყენებს როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო ორგანიზაციებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მსგავსი დანაშაულის პრევენციის მიზნით საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი კანონმდებლობის გამკაცრებას. სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო პროექტი, რომლის მიხედვითაც ცვლილებები შევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლში, რომელიც „ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე“ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და მნიშვნელოვნად მკაცრდება სასჯელის ზომა. ასევე ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შესაბამისად, ცრუ შეტყობინების ავტორ არასრულწლოვანთა მშობლების მიმართ დაწესდება სოლიდური ჯარიმა. შსს-ს მიერ შემუშავებული პროექტით სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა იქნება ადეკვატური ღონისძიება ზემოთაღნიშნული დანაშაულის პრევენციისათვის. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები უახლოეს მომავალში შევა ძალაში.
შესაბამისად, ყველას მიერ კარგად უნდა იქნას გააზრებული და კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ „112“-ში შესული ყოველი ზარი იწერება და გართობის ან ცრუ შეტყობინების გავრცელების მიზნით დარეკვის შემთხვევაში საფრთხე ექმნებათ იმ ადამიანების სიცოცხლეს, ვისაც ნამდვილად სჭირდებათ დახმარება!

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

www.kids.112.ge

www.facebook.com/112.ge

 

ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?