skola24.ge

ნათლის მეგზური
(იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი)


დარჩება სამარადისოდ შენგან გატკეპნილი გზა
და ვინც ამ გზას არ გაივლის, ის არც ქართველ-
ად არ იხსენიება (აკაკი წერეთელი)

ჩვენი მაცხოვარი, იესო ქრისტე, სახარებაში ორგზის მოიხსენიება „პედაგოგად“ - ის იყო , იქნება და არის კაცობრიობის ყველაზე დიდი მასწავლებელი. მის მოვლინებამდე და მას შემდეგაც ადამიანთა აღმზრდელებს შესაფერის პატივს მიაგებდა ყოველი დრო და კულტურული ერი. ამ აზრის კლასიკური გამოხატულებაა ალექსანდრე მაკედონელის სიტყვები: „მამამ სიცოცხლე მაჩუქა, ხოლო არისტოტელემ ის, რაც ამ სიცოცხლეს აზრს ანიჭებს“.

საყოველთაო აღიარებით, ქართველთა უპირველესი მასწავლებელი იაკობ გოგებაშვილია - ამ წერილში მის ღვაწლზე ვილაპარაკებთ. დავიწყოთ ყველაზე ზოგადით:

1. ქართველებს ოთხი უმთავრესი წიგნი გვაქვს: ბიბლია, ვეფხისტყაოსანი, ქართლის ცხოვრება და დედაენა, რომლის ავტორია იაკობ გოგებაშვილი;
2. თბილისში დედაენის ძეგლი დგას - მსოფლიო არ იცნობს მთელი ხალხისგან სახელმძღვანელო წიგნის აღიარების მსგავს პრეცედენტს;
3. იაკობს სამშობლოში მხოლოდ სახელით მოიხსენიებენ, რაც ხალხის სიყვარულის უპირველესი გამოხატულებაა;
4. დაბადებიდან 100 წლისთავზე,1840 წელს, იაკობი მთაწმინდაზე, ქართველ მოღვაწეთა მთავარ პანთეონში გადაასვენეს - ასეთი პატივი მხოლოდ განსაკუთრებით გამორჩეულ ადამიანებს მიეგებათ;
5. იაკობი თანამედროვე ქართული სკოლისა და განათლების ფილოსოფიის ფუძემდებელია თავის ქვეყანაში. მან დაამკვიდრა მეცნიერული პედაგოგიური კულტურა;
6. ამ მოღვაწის იდეალი იყო ევროპული საქართველო და ახალი ქართველი. მან შექმნა ქართული ცნობიერების მოდელი ახალი დროისთვის და სკოლას სწორედ ამგვარი ცნობიერების ჩამოყალიბებისა და განმტკიცების მისია განუსაზღვრა და დააკისრა;
7. იაკობმა ახალი და ძლიერი იმპულსი მისცა ქართველთა ოდინდელ იდეას - თავისუფლება საშუალებაა და არა ოდენ მიზანი. თავისუფლებას მხოლოდ ორ სხვა სიტყვასთან (გონიერებასა და ზნეობასთან) ერთად აქვს არსება და აზრი - მისი წიგნები სწორედ ამგვარი სამების მასწავლებლობაა!
იაკობ გოგებაშვილზე ფიქრი, თავისთავად, მოგვააზრებინებს პასუხს კითხვაზე - ვინ არის პედაგოგი და რას ნიშნავს, ასწავლო ადამიანს? კონფუცის სიტყვებია: „ის, ვინც წარსულის ხილვისას ჭვრეტს მომავალს, ღირსია იწოდებოდეს მასწავლებლად“. ყველა ტრაგედია დროის დანაწევრებითა და გახლეჩვით იწყება - როდესაც წარსული აწმყო და მომავალი შორდებიან, ადამიანები სულიერ საყრდენებს კარგავენ და ერთმანეთს უპირისპირდებიან. ამიტომაც ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა მასწავლებელს, რომელიც დროის გამამთლიანებელია. სწორედ მისი ფუნქციაა, შეიცნოს, შეინახოს და ახალ თაობას გადასცეს ცოდნა და ზნეობა. პედაგოგია ის, ვინც ფაქტს, მოვლენასა თუ საქციელს მნიშვნელობასა და სტატუსს სძენს. შეიძლება ვიღაცამ გმირობა ჩაიდინოს, სხვამ აღმოუჩენელი აღმოაჩინოს,მესამემ რაღაც არსებითად საჭირო შექმნას და ეს ყველასათვის უცნობი ან ნაკლებად მნიშვნელოვანი დარჩეს.როცა ყველაფერ ამას სახელს დაარქმევ, წიგნსა თუ მეხსიერებაში შეიტან და მასობრივი ცნობიერების კუთვნილებად აქცევ, კონკრეტული ფაქტი მხოლოდ მაშინ გახდება ღირებულება. იაკობმა ბევრი ღირებულება დაუტოვა ქართველებს.

არაფერი ისე არ აერთიანებს ერსა და სახელმწიფოს, როგორც ენა. იაკობ გოგებაშვილის დედაენა და მისი საწყისი - აი ია - მშობელი დედისა და პირველი მასწავლებლის ხმებთან ერთად სამუდამოდ დამკვიდრდა ყოველი ქართველის ცნობიერებაში. ეს წიგნი იყო და არის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ერთცნობიერ ერთობად განმტკიცების მნიშვნელობადაუკარგველი ფაქტორი. ამ თვალსაზრისით, იაკობი დიდი ქართველების - გრიგოლ ხანძთელის, გიორგი ათონელისა და სულხან-საბა ორბელიანის მაღალსულიერი საქმიანობისა და ღვაწლის ღირსეული გამგრძელებელია. აი იას წარმოთქმას სულ ერთი წამი უნდა. ეს არის წამი, რომელიც ყოველი ქართველის ცხოვრებაში დგება და არასდროს მთავრდება - საქართველოში შეიძლება ყველაფერზე დაუსრულებლად იკამათონ და ეჭვსქვეშ დააყენონ, მაგრამ დედაენის პირველ სიტყვებს ეს არასდროს ეხება.

რატომ არის აი ია გენიალური მიგნება? რატომ ვერ წარმოუდგენიათ ქართველებს ამ ორი მარტივი სიტყვის ერთობის გარეშე საკუთარ შვილთა აღზრდა?
ამის, სულ ცოტა, 10 მიზეზი არსებობს;

1. ღვთაებრივი სიმეტრიის ჰარმონია. სიმეტრია ბავშვს თავიდანვე აჩვენებს და შეაგრძნობინებს, რომ სამყარო წესრიგია და ის ამ ჰარმონიაში უნდა ჩაერთოს.
2. სარკის პრინციპი. აი „ხედავს“ იას - თითქოს სარკეში იყურება. ეს არის საკუთარ თავში სამყაროს დანახვის უძველესი პრინციპი და კულტურა. საუკუნეების წინ იცოდნენ, რომ საკუთარი თავის შემცნობი სამყაროს წესრიგსაც შეიმეცნებს. ამიტომაც ეწერა დელფოსის ტაძრის შესასვლელში: „შეიცან თავი შენი“.
3. წიგნი იწყება აზრით. აი ია - წინადადებაა.იაკობი ბავშვის განათლებას იწყებს არა ასოთი ან სიტყვით, არამედ, პრინციპულად - წინადადებით ანუ აზრით. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ წინადადება მოქმედებას, დინამიკას მოიცავს. აქ არის არა მხოლოდ აღქმა, არამედ დამოკიდებულებაც (და -არაერთი!);
4. საწყისად გამოკვეთილია საგნის შეცნობა. პირველივე წინადადება ბავშვს აფიქრებს სამყაროს კონკრეტულ გამოხატულებაზე;
5. ფიქრის დასაბამს იძლევა სახელის დარქმევა - ეს არის რაღაც, რომელსაც ჰქვია ია. სახელის დარქმევა ფაქტისა თუ მოვლენის წიაღის დაუფლებას, მის არსებაში შეღწევას ნიშნავს;
6. ეს არის შემეცნების დაკავშირება მშვენიერებასთან. აქ რეალიზებულია სამყაროს გონებითა (რაციო) და ემოციით აღქმის სინთეზის პრინციპი. ეს არის „შემეცნების ესთეტიკის“ დამკვიდრება - ჯერ კიდევ რუსთველმა ახსენა „გონიერი გული“, რაც ნებისმიერი პედაგოგიური სისტემის საოცნებო იდეალია;
7. აქ კოდირებულია აღმოჩენის სიხარულიც - აი, ეს არის ის, რასაც ია ჰქვია! ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვს, მოსწავლეს თავიდანვე ეუბნები, რომ წიგნთან ურთიერთობა არა მხოლოდ შრომა, არამედ სიხარულიც არის;
8. წიგნი დასაწყისიდანვე გვაზიარებს ქართული მეტყველების მუსიკას. წინადადებაში ოთხი ხმოვნის მსუბუქი, ჰაეროვანი ჰარმონია შესანიშნავ ბგერით ხატს ქმნის;
9. აქ ვხედავთ ქართული დამწერლობის გრაფიკული გამოსახულების სრულქმნილებასაც - როგორც „ა“, ისე „ი“ სრულყოფილ სიმრგვალეს - წრეს უკავშირდება და განასახიერებს;
10. სამყაროს შექმნის, არსებობისა და დასასრულის გენიალური ხატი. ბიბლიაში წერია, რომ ღმერთი არის ანი და ჰოე - სამყაროს დასაწყისი და დასასრული - სამყარო „განიფინება“ და ღვთისკენ „ბრუნდება“. აი იაში, ამ პატარა წინადადებაში, სიმბოლურად სამყაროს ისტორიაა მოცემული (ეს წინადადება პალინდრომია - „წაღმა“ და „უკუღმა“ ერთნაირად იკითხება და სახეობრივად განფენა-უკუქცევას წარმოაჩენს).

ყოველივე ზემოთქმულისა (თუ ვერთქმულის) გამო, იაკობ გოგებაშვილი და მისი დედაენა (სხვა წიგნებიც) საქართველოში განასახიერებენ თავად იდეას განათლებისა. სიტყვა „განათლება“ ქართულად მხოლოდ ინფორმაციის მიღებას არ ნიშნავს ადამიანში ღვთაებრივი ნათლის შემოსვლას უკავშირდება. სახელი ი ა კ ო ბ ი (სიმბოლურია, რომ ამ სახელსაც ია იწყებს!), მიმყოლს, მიმდევარს ნიშნავს. ბიბლიის კვალობაზე, ნიშნავდა ტყუპთაგან მეორეს, მომდევნოს, შემდეგ კი ღვთის მიმყოლის მნიშვნელობა შეიძინა. აი ია ღვთისკენ და საქართველოსკენ სავალი ერთი გამორჩეული გზაა ქართველებისთვის. ეს არის ყველაზე პატარა, მაგრამ, იქნებ,ქართული ცნობიერების ისტორიაში წარმოჩენილი სხვაზე ძალმოსილი შედევრიც.


ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?