მე_ალუდა ქეთელაური

  რად ჰყავთ ადამიანებს მტრები?
რატომ იქცევა ყოველთვის სხვად ის, რაც შიგნიდან მიმღვრევს სულს, გულსა და გონებას?
ყოველთვის მომწონდა ჩემი თავი – ის დღე იყო პირველი, როდესაც საპირისპირო ვიფიქრე და განვიცადე. ყველაფერი ელვისებური მოულოდნელობით მოხდა: ერთი მომხვდური სწრაფად ვიმსხვერპლე – ანკი ვინ წასვლია ჩემს თოფს ეგრე ვაგლახად! მეორემ გამაოცა სწორედ – არაფრით უნდოდა სიკვდილი რჯულძაღლს. არ შემეპუა, არაფერს თმობდა, მე ლამის დავავიწყდი - სიკვდილს ეჩხუბებოდა გააფთრებით.  მტერი რომ მოგეწონება კაცს! იმ წუთას მისი მოკვლის გარდა არაფერი მინდოდა, მაგრამ მაინც მომეწონა - ღმერთმა არ დამანება არმოწონება. ღირსებასა და ვაჟკაცობას ფულით ვერ იყიდი. თოფს ვესროდი ადამიანს, რომელიც კარგ კაცად შევიცანი.
და რატომ? რისთვის ვებრძვით ადამიანები ერთმანეთს? რატომ მოვკალი მუცალი?
ჰო, ეს შედეგი უფრო იყო. არ გამოვიდოდა, რომ არ მომეკლა. მისი სიკვდილი ყველასთვის ბუნებრივი და ადვილი გამოსავალი იყო - ახალმა გადაწყვეტილებებმა ახალი კითხვების დაბადება იცის, არავის რომ არაფრად არგია და სიმშვიდეს რომ ურღვევს ყველას - ისეთების.
„რჯულძაღლოს“ გარდა არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის, არადა, რამდენი რამე გვქონია სათქმელი! ჩემთვის მეგობრად დაბადებული შეიძლებოდა ყოფილიყო - ყველაზე ახლობელი, ჩემსავით კაცი. აქამდე არასდროს მეფიქრა ამაზე - საყველაფროდ მიდიოდა ჩემი ცხოვრება, სოფელს რაც სურდა და რასაც ელოდა ჩემგან, იმას ვაკეთებდი. ჭკუასაც მეკითხებოდნენ და ყველასგან გამომარჩევდნენ კიდეც სოფლის იმედსა და სინდისს. ამას ახლა სასხვათაშორისოდ ვამბობ, თორემ ნაკლებად მიღირს. არა, სოფელსა და თემს კი არაფერს ვერჩი - ბევრი კაცის განწყობა და ფიქრი ერთი კაცის განწყობა-ფიქრს ორი ნაბიჯით ყოველთვის ჩამორჩება; უბრალოდ, მუცალის გადმოგდებულმა თოფმა ბევრი რამ შეცვალა ჩემში. თოფი გესროლონ და თოფი გადმოგიგდონ, ორი სხვადასხვა რამ არის. „ეხლა შენ იყოს, რჯულძაღლო, ხელს არ ჩავარდეს სხვისასაო!“ - მომაძახა და უცბათ რაღაცამ გამკრა სულში. რატომ გადმომიგდო თოფი, განა მე თავად ვერ ავიღებდი და დავისაკუთრებდი?! ვიღა დამიშლიდა მუცალისა და მისი ძმის მომკვლელს? ჩემსა და თოფს შორის ის დაბრკოლებაც არ იყო, რაც მის გულსა და ნაჭრილობევზე დაფენილ მთის მწვანე ბალახს შორის. აბა, რა უნდოდა? პასუხზე ადრე ცრემლები მომადგა და ლამის ქალივით ავტირდი - აღარც თოფი მინდოდა მისი და არც სხვა იარაღი. კაცმა თავისი ნებით დამითმო თოფი, სხვის ხელს არ ჩავარდესო, - მითხრა და მაგრძნობინა, რომ... რა მაგრძნობინა? შენში მტერს აღარ ვხედავ, მხოლოდ ადამის შვილს, მოყვასს გიყურებ და შენს ღირსებას ვაფასებო! მტერშიც შეიძლება ადამიანი დაინახოო. თოფთან ერთად ეს აზრიც გადმომიგდო იმ ცხონებულმა. არც იარაღი ამიყრია და აღარც მარჯვენა მომიჭრია - ცოდვად მიმაჩნევინა რაღაცამ ჩემს შიგნით. ან კი საკუთარ თავთან გათანაბრებულ კაცს ხელს როგორ მოვჭრიდი?! გავესულე და მკვდარს დავუმეგობრდი. საკუთარ ცხოვრებას გავუკადნიერდი და ღმერთს მისი ცხონება შევთხოვე. ჰმ! ძალიან კი გაიკვირვეს და იუცხოვეს ჩემიანებმა - რას ამბობ, ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადაო! მაგათ ჩემი ფიქრი და ზმანება უნდა დახვედროდათ თავიანთი ფიქრის ტრიალ მინდორში - როგორ აუშნოებს ადამიანთა ყოფას დაუმთავრებელ მკვლელობათა ბოროტი და სისხლიანი ღიმილი. სულის მწვერვალებს სწვდება დაგუბებული სისხლი, რომელსაც ემატება და ემატება კაცისკვლის მდინარება - ლამის დაგვფაროს და წაგვლეკოს ყველა დედაბუდიანად. სანამ მუცალის თვალების სინათლე ჩაქრა, ჩემი სისხლით ავსებული სახლის დანახვაც მოვასწარი და კაცის წვნიანისაც, რომელსაც ჩემიანები მაძალებდნენ.  ცოლი, შვილები, საკვები, საფლავი - ყველაფერი სისხლიანიც იყო და სისხლისთვისაც. შენ რომ სხვა მოკლა, შენც მოგკლავენ - არავინ არაფერს შეგარჩენს. კი მაგრამ, სად არის ამ ყველაფრის დასაწყისი ან დასასრული?  მე ჩემი პასუხი უკვე ვიცოდი - მუცალის სიკვდილმა ხელახლა დამბადა ამ ქვეყანაზე. მივხვდი, რომ ორი ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ღმერთმა ადამიანებს მოგვცა - რწმენა და სამშობლო - შეიძლება (სწორედ უსაზღვრო სიყვარულისა და მისგან გამომდინარე თავგანწირვის გამო) დაუსრულებული მტრობისა და სისხლისღვრის სათავედ იქცეს, თუ მათ არ ახლავს ღვთისგან ნაბოძები მესამე სიკეთე - მოყვასის სიყვარული. მხოლოდ ეს მესამე აქცევს პირველ ორს ნამდვილ სიყვარულად და არა ფანატიკოსის გაშმაგებად.  თუ ეს მესამე არა გაქვს, ძალიან მომხიბვლელი ამპარტავნება გეუფლება და გგონია, რომ ყოველთვის და ყველაფერში მხოლოდ შენ ხარ მართალი და სხვას ოდენ ორი არჩევანიღა დარჩენია - დაგეთანხმოს ან მოკვდეს! მხოლოდ ჩვენს დედებს სტკიოდათ მუცლები ჩვენზე? მხოლოდ ჩვენი დედები შობენ ღმერთთან მოსაუბრე ადამიანებს?! ვუყურებდი ჩემიანებს, მათ გაავებულ, დაუნდობელ, შავი სიყვარულით გაჟღენთილ სახეებს და ვფიქრობდი, რომ მუცალი, საწყალი და ვაჟკაცი მუცალი, უფრო ჩემიანი იყო. მისი სიკვდილი დასჭირდა ჩვენს შერიგებას, მაგრამ მოყვრების მორიგებისთვის სიცოცხლეც არასაკმარისი აღმოჩნდა.
ხუცესს, ბერდიას, რაღა მოვკითხო, „ურჯულოვდები მაგითაო“, - დანარჩენების სათქმელი მითხრა თითქოს, მაგრამ არა მგონია, რჯული სისხლის მდინარის სათავე იყოს - ჩემი რწმენა, ქრისტიანობა, სისხლიანი მსხვერპლშეწირვის დამამთავრებელია ამ ქვეყანაზე და ბალღების ნათრევი გაშავებული კაცის ხელი მისი სახე არ არის. გამომაძევეს თვისტომთა, დამატოვებინეს თვალთა გამახარელი საჯიხვეები, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ დამცდენია მათ სამტროდ - ერთხელაც იქნება, ის ნათრევი ხელი მათ ღირსებას სილას გააწნავს და გაუსაძლისი ტკივილი შობს მართალ შეგნებას. ამას მე ვამბობ - ალუდა ქეთელაური, ახლა წამსვლელი, მაგრამ მუდამ მომბრუნებელი. მე ის ვარ, ვისაც უკან დახევა არა მჩვევია.       

 

ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?