skola24.ge
განათლება XXI-ე საუკუნეში

 საქართველოს სკოლებმა არსებითად უნდა გაითვალისწინონ ჟაკ დელორის კომისიის ანგარიშის (იუნესკოს მიერ  1996 წელს  შექმნილი ეს დოკუმენტი, რომლის მომზადებაშიც ხუთივე კონტინენტის აღიარებული ექსპერტები მონაწილეობდნენ, პრაქტიკულად არის განათლების მნიშვნელობისა და ხედვის მსოფლიო სტანდარტი)  4   საყრდენი თეზა:


1. „იუნესკომ უნდა მოახდინოს ადამიანების გუნდის მობილიზება, რომლებიც მის ანგარიშს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს მსოფლიოს ყველა კუთხემდე მიიტანს. ანგარიში უნდა გახდეს საფუძველი: სამთავრობო განხილვების, საპარლამენტო დებატების, პოლიტიკური პარტიების კვლევითი განყოფილებების ანალიზის. ანგარიშს უნდა განიხილავდნენ პედაგოგები და სამეცნიერო-აკადემიური წრეები, რელიგიური ჯგუფები და თავად სკოლები - ცხადია, უფრო გამარტივებული ფორმით.“
2. „საქმე ის კი არ არის, რომ პრობლემების გადასაწყვეტად ჩვენ ყველას ერთად  გვაკლია ინტელექტუალური ან ეკონომიკური რესურსები. მეცნიერულმა გარდატეხებმა და ტექნოლოგიურმა გამოგონებებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ეს გამოწვევები დავძლიოთ, მაგრამ ჩვენ არ გვყოფნის სიბრძნე და თანამონაწილეობის სურვილი, რათა კრეატიულად მივუდგეთ მათ - ცოდნა ფართოვდება, მაგრამ სიბრძნე ქრება“.
3. „დღეს არსებულ საოცარ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს უზარმაზარი პოტენციალი აქვთ, მთელ მსოფლიოში გაავრცელონ გლობალური ღირებულებები და მზრუნველობასა და თანადგომაზე დაფუძნებული ცნობიერება, თუმცა, პირიქით - მედია სავსეა  ძალადობითა და შიშით, ბოროტებითა და ხოცვა-ჟლეტით, აღვირახსნილი მომხმარებლის უფლებების დაცვითა და უწესრიგობით... სასწრაფოდ საჭიროა კრეატიული რევოლუცია განათლებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაში... სულიერ განზომილებას ცენტრალური ადგილი უნდა დაეთმოს ახალ საგანმანათლებლო მიდგომებში... ჩვენ უნდა მოვახდინოთ შიდა და გარე რესურსების მობილიზება და შეგნებულად დავიწყოთ ახალი მსოფლიოს შენება, რომელიც დაფუძნებული იქნება მრავალმხრივად შეთანხმებულ კეთილდღეობაზე და არა ასევე მრავალმხრივად შეთანხმებულ განადგურებაზე.“
4. „ყველა ეგოისტად იბადება, მაგრამ ადრეული ბავშვობიდან ყველა თანდათან იაზრებს იმას, რომ მას სხვებთან ერთად ცხოვრება მოუხდება იმისთვის, რომ გადარჩეს. ადამიანის ეგოცენტრული ბუნებიდან გამომდინარეობს ის შეზღუდვები, რომლებიც წარმოშობს ბევრ სირთულეს - კონფლიქტებს, იმედგაცრუებას და სხვების სიძულვილსაც ოჯახის წევრების ჩათვლით, მაგრამ ფაქტია: ყველამ უნდა ისწავლოს ერთად ცხოვრება... განათლების სისტემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვანია გონების გასახსნელად, რათა დაგვეხმაროს, ჰარმონიულად ვიცხოვროთ  სხვა ადამიანებთან და ბუნებასთან ერთად.“


სკოლის, სახელმწიფოსა და საზოგადოების ამოცანები ანგარიშის კონტექსტში:

 

1. კომუნიკაციის, სხვათა გაგების ამოცანა („განათლება ხელს უწყობს კავშირებს ინდივიდებს, ჯგუფებსა და სახელმწიფოებს შორის და პროგრესის შედეგების თანაბარი განაწილების იდეას გვაახლოებს.“);
2. დემოკრატიის ცენტრალური საკითხი (გვსურს კი, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და შესაბამისად მოვიქცეთ?);
3. ცოდნის მოძიების და გამოყენების ამოცანა („ყველა ადამიანმა უნდა ისწავლოს, თუ როგორ ისწავლოს“; „სწავლული საზოგადოება ეფუძნება ცოდნის მოპოვებას, გაახლებასა და გამოყენებას - განათლების პროცესი უნდა ითვალისწინებდეს ამ სამ ასპექტს“. );
4. ადამიანის ყველა ნიჭის აღმოჩენისა და განვითარების ამოცანა („არც ერთი ნიჭი, რომელიც ყველა ადამიანში დამარხული განძივითაა,  არ უნდა დარჩეს შებორკილი...: მეხსიერება, წარმოსახვა, ფიზიკური შესაძლებლობა, ესთეტიკური აღქმა; კომუნიკაციის უნარი და ჯგუფის ლიდერის ბუნებრივი ქარიზმა.“);
5. სკოლაში პრაქტიკის დამკვიდრების ამოცანა („სწავლების სხვადასხვა ტიპი უნდა მოიცავდეს, როგორც აბსტრაქციასა და კონცეპტუალიზაციაზე დაფუძნებულ ტრადიციულ განათლებას, ისე ახალ მიდგომას, რომლის მიხედვით სკოლას ჩაანაცვლებს პრაქტიკული სამუშაოები - ეს კი განავითარებს დამატებით უნარებსა და ინტერესებს“. ამ კონტექსტში მოვიხსენიო სახელობო განათლების დამკვიდრება.);
6. გამორჩეული ნიჭიერების მოსწავლეთათვის განვითარების სპეციალური რეჟიმის შექმნის ამოცანა („განათლების ჭარბი მოთხოვნის პირობებში მოსწავლეები, რომელთაც მაღალი პოტენციალი აქვთ, უყურადღებოდ დარჩნენ და სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები თანაბარ პირობებში აღმოჩდნენ. როგორც თომას ჟეფერსონმა თქვა: „არაფერია იმაზე უსამართლო, როგორც განსხვავებული ადამიანების თანაბარ პირობებში ჩაყენება.“ მიუხედავად ტრადიციული მიდგომის კეთილი განზრახვისა, გამორჩეული მოსწავლეებისათვის შესაფერისი საგანმანათლებლო შესაძლებლობების წართმევა ნიშნავს საუკეთესო ადამიანური რესურსების ჩამორთმევას საზოგადოებისთვის, რაც აფერხებს მის რეალურ და ეფექტურ განვითარებას.“)
7. საშუალო და უმაღლესი განათლების დაკავშირების ამოცანა („უმაღლეს სასწავლებლებში მიღების პროცესი უნდა დარეგულირდეს და მოექცეს იმ ფარგლებში, რასაც შემოგვთავაზებს საშუალო განათლების რეფორმა“.);
8. პედაგოგთა სტატუსის პრიორიტეტულობა („არც ერთი რეფორმა არ იქნება წარმატებული მასწავლებელთა თანამშრომლობისა და აქტიური მონაწილეობის გარეშე. ეს არის ერთი მიზეზი, რის გამოც კომისია რეკომენდაციას უწევს პედაგოგთა სოციალური, კულტურული და მატერიალური სტატუსის პრიორიტეტულობას.“);
9. განათლების რეფორმის გონივრულ ვადებში განხორციელების ამოცანა („რეფორმა საჭირო და საკმარის დროზე მოკლე პერიოდის განმავლობაში რეფორმის სიკვდილია, რადგან სისტემას არ უტოვებს საშუალებას და დროს იმისთვის, რომ შეითვისოს ცვლილებები და გასაგები და მისაღები გახადოს პროცესის ყველა მონაწილისთვის“. ამ კონტექსტში ყურადღება უნდა გავამახვილოთ რეფორმის მიმდინარეობის მუდმივი საზოგადოებრივი შეფასებისა და ყალბი მოლოდინების ოლუზორულობის საჯარო გაცხადების აუცილებლობაზე.)
10. დეცენტრალიზების ამოცანა („კომისია ყურადღებას ამახვილებს დეცენტრალიზაციის წინდახედული ზომების მნიშვნელობაზე, რაც ზრდის საგანმანათლებლო ინსტიტუტების პასუხისმგებლობას და მათ თვალსაწიერს ინოვაციების დანერგვისას“. ამ შემთხვევაში ხაზგასასმელია ნდობისა და კონტროლის ბალანსის მოძიების აუცილებლობა.);
11. პასუხისმგებლობათა გადანაწილების ამოცანა („ჩვენ ბევრს, ძალიან ბევრსაც ვთხოვთ მასწავლებლებს, რომ მათ შეძლონ იმ სხვა ინსტიტუტების წარუმატებლობის კომპენსაცია, რომელთაც პასუხისმგებლობა აქვთ აღებული ახალგაზრდების განათლებასა და აღზრდაზე.“).


 

ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?