skola24.ge

რეალობა თუ პარადოქსი?



ამას წინათ ერთ რუსულ გამოცემას (`Управление школой”, #7, 2008) ვკითხულობდი და საინტერესო ინფორმაციას გავეცანი. მოსკოვის სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების უმაღლეს სკოლას ჩაუტარებია კონფერენცია თემაზე `განათლების განვითარების ტენდენციები _ მივლენ კი ახალი მასწავლებლები სკოლაში?” ნამდვილად აქტუალური თემაა, მაგრამ მთავარ კითხვაზე კონფერენციის პასუხი პარადოქსულია _ ახალი მასწავლებელი ერთ მშვენიერ დღეს უსათუოდ მივა სკოლაში, მაგრამ ის, ბევრი კრიტერიუმის მიხედვით, ძველზე უარესი იქნება, რის გამოც მოსწავლეები დაზარალდებიანო. ამგვარი მოსაზრება გამოთქვა, მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ოლეგ სმოლინმა, რომელმაც თავისი _ არცთუ უინტერესო _ არგუმენტები წარმოადგინა:

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ადასტურებს, რომ სწავლებისა და სწავლის ხარისხით უკმაყოფილოთა რიცხვი იზრდება და ნოსტალგია ძველი სკოლის მიმართ სულ უფრო მეტია. მტკიცებას, რომ `ახლა სკოლაში ბავშვებს უკეთესად ასწავლიან, ვიდრე თქვენი სკოლაში ყოფნის დროს” 2000 წელს დადებითად უპასუხა გამოკითხულთა 23%-მა, ხოლო 2006 წელს _ მხოლოდ 18%-მა. ამის საპირისპირო მტკიცებას _ `ახლა ბავშვებს სკოლაში უარესად ასწავლიან, ვიდრე იმ დროს, როდესაც თქვენ თავად სწავლობდით” 2000 წელს დადებითად უპასუხა გამოკითხულთა 33%-მა, 2006 წელს კი _ 43%-მა.

საზოგადოდ, ბატონი სმოლინის აზრით, სკოლის მასწავლებლის მუშაობის ხარისხი ოთხი ძირითადი ფაქტორით არის განსაზღვრული. ესენია: 1. პედაგოგის სოციალური სტატუსი; 2. საზოგადოებაში ფაქტობრივი თავისუფლებისა და განათლების სისტემაში ეკონომიკური თავისუფლების დონე; 3. კულტურულ-იდეოლოგიური მდგომარეობა საზოგადოებაში; 4. საგანმანათლებლო პოლიტიკის იდეოლოგია. ამ განცხადებას თითოეული მიმართულების ანალიზი მოსდევს.

პედაგოგის სოციალური სტატუსი

მიუხედავად სახელმწიფოს ცალკეული აქტივობებისა, პედაგოგის სოციალური მდგომარეობა უკიდურესად არასახარბიელოა. ამტკიცებენ, რომ ბოლო დროს რუსი პედაგოგების ხელფასი ერთნახევარჯერ გაიზარდა, თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტები ამ აზრს არ იზიარებენ. მათი მონაცემებით, 2005 წელს მასწავლებელთა ხელფასი ორჯერ გაიზარდა საერთო ანგარიშით 31 %-ით, მაგრამ, ამავდროულად, პირველადი მოხმარების საქონელი დაახლოებით 30 %-ით გაძვირდა. 2006 წელს ხელფასმა კვლავ ორჯერ მოიმატა _ სულ 26 %-ით. ამასთან ერთად, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, პირველადი მოხმარების საქონელი, სულ ცოტა, 25 %-ით გაიზარდა. 2007 წლის შემოდგომაზე, ხელფასების 15%-იან ზრდასთან ერთად, პირველადი მოხმარების საქონელზე ფასების 25%-იანი მატება დაფიქსირდა.

ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ პედაგოგთა რეალური შემოსავალი თუ არ მცირდება, არც იზრდება. მეორე მხრივ, - ამბობს ბატონი სმოლინი, - არსებობს ფარდობითი  და აბსოლუტური გაღატაკება, რასაც ვჭვრეტთ პედაგოგებთან მიმართებაში. ფარდობითი გაღატაკება ნათლად იკვეთება სხვა დარგებში ხელფასების ზრდასთან შედარებით _ მაღალი რანგის ოფიციალური პირების განცხადებით, უახლოესი სამი წლის განმავლობაში კომერციულ სექტორში შრომის ანაზღაურება 94%-ით გაიზრდება, ხოლო პედაგოგებისა _ მხოლოდ 27 %-ით. რაც შეეხება აბსოლუტურ გაღატაკებას, ეჭვს არ იწვევს, რომ ინფლაცია საპროგნოზო მონაცემზე გაცილებით მაღალი იქნება (გასულ წელს ცხადდებოდა 8,5%, მაგრამ ოფიციალური მონაცემებით მან 11,9% შეადგინა.). ამასთან, ყველა სერიოზული ექსპერტი ადასტურებს, რომ შემდგომ პერიოდშიც პირველადი მოხმარების საქონელზე ფასების წინმსწრები ზრდა დაფიქსირდება. კერძოდ, სამწლიანი ბიუჯეტის თანახმად, კომუნალური მომსახურების ტარიფები საშუალოდ 65%-ით გაიზრდება, ელექტროენერგიაზე _ 50%-ით, ხოლო გაზზე _ პრაქტიკულად ორჯერ. 

საზოგადოებაში ფაქტობრივი თავისუფლებისა და განათლების სისტემაში ეკონომიკური თავისუფლების დონე

ორგანიზაციის `რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” მონაცემებით პოლიტიკურ თავისუფლებათა რეიტინგებში რუსეთის მდგომარეობა ასეთია:
2002 წელი _ 122-ე ადგილი 156 ქვეყნიდან;
2003 წელი _ 121-ე 139-დან (პაკისტანის, ირანისა და ზიმბაბვეს გვერდით);
2004 წელი _ 140-ე 167-დან (მავრიტანიის, კონგოსა და უკრაინის გვერდით);
2005 წელი _ 138-ე 167-დან;
2006 წელი _ 147-ე 168-დან (სინგაპურისა და ტუნისის გვერდით);
2007 წელი _ 144-ე 169-დან (ავღანეთისა და ტუნისის გვერდით).

ბატონი სმოლინი ახსენებს შიშს, რომელიც დაბუდებულია, კერძოდ, განათლების სისტემაში _ ადამიანები ამჩნევენ ხარვეზებს, მაგრამ საჯაროდ ვერ ბედავენ მათზე საუბარს. მისი დასკვნით, კარგი მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს სამოქალაქო ცნობიერების მქონე ადამიანი, მაგრამ თანამედროვე რუსული პოლიტიკური სიტუაცია ამას ხელს არ უწყობს.

კულტურულ-იდეოლოგიური მდგომარეობა საზოგადოებაში

თუკი ადრე რუსულ კულტურას (ყოველ შემთხვევაში ინტელიგენციას მაინც) ახასიათებდა მაღალი ორიენტაცია ე. წ. პოსტმატერიალურ ღირებულებებზე, უკანასკნელ ხანს ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით ირკვევა, რომ ამ ტიპის ტენდენცია რუსეთში ორჯერ ნაკლებია ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით. ამ ჩავარდნის შევსება მართლმადიდებლური კულტურის ხარჯზე, ბატონი სმოლინის აზრით, ნაკლებად პერსპექტიულია, რაკი – მისი სიტყვებით - `თავად მართლმადიდებლობა გადაიქცევა მასობრივი კულტურის ფენომენად. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ხშირად მას ძალით ნერგავენ”. რა იყო მართლმადიდებლური კულტურის ძალმოსილების საფუძველი? _ კითხულობს ბატონი სმოლინი და ასეთ პასუხს სცემს: `სწორედ იმ პოსტმატერიალურ ღირებულებებზე ორიენტაციაში, რასაც საგანგებოდ აღნიშნავდა ვ.ნაბოკოვი და რომლის შესახებაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ XIX და XX საუკუნის დასაწყისის რუსული ლიტერატურის მიხედვით”. ამას  კი ასეთი დასკვნა მოსდევს: `ახლა ჩვენ ერთ პარადოქსს ვაკვირდებით: საზოგადოებაში რაც უფრო მეტია ადამიანი, რომელიც მართლმადიდებელ რელიგიას ეკუთვნის, მით ნაკლებია მართლმადიდებლური კულტურის მიმდევარი.”


საგანმანათლებლო პოლიტიკის იდეოლოგია

რამდენიმე ხნის წინ რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ანდრეი ფურსენკო აცხადებდა, რომ არ არის კმაყოფილი მის უწყებაში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი გაქვავებული სისტემით, რომელიც ჯიუტად ცდილობს ადამიანი-შემოქმედის მომზადებას. ახლა, მინისტრის აზრით, მთავარია მომხმარებლის აღზრდა, რომელსაც შეეძლება სხვების მიერ შექმნილი ტექნოლოგიებისა და მიღწევების მართებული გამოყენება. ბატონი სმოლინი დანანებით აღნიშნავს, რომ როდესაც `უჩიტელსკაია გაზეტას” ჟურნალისტმა მინისტრს ჰკითხა, საიდანღა მივიღებთ ჩვენ შემოქმედ ადამიანებსო, კითხვა უპასუხოდ დარჩა.

ბატონი სმოლინი ყველაფერ ამას ასეთ შეფასებას აძლევს: `უკანასკნელ ხანს საერთოდ ქრება ის კულტურულ-სოციალური ფენა, რომელსაც ოდესღაც `რუსული ინტელიგენცია” ეწოდებოდა. ექსპერტთა გამოკითხვით, აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, მისი როლი ჩვენს ქვეყანაში დაეცა. გასაგებია, რომ განათლების სისტემის ამოცანაა კვალიფიციური მუშაკის  (თუმცა ეს  პროფესიულ განათლებას მეტად ეხება), ქვეყნის მოქალაქისა და მრავალმხრივ განვითარებული პიროვნების აღზრდა. ადვილად საპროგნოზოა, რომ კვალიფიციური მომხმარებლის მომზადებაზე ორიენტირება სპეციალისტის პოტენციური თვისებების აქტიურ ზრდასაც კი ვერ შეუწყობს ხელს. ჩვენი ქვეყნის მიერ უკანასკნელ წლებში დემონსტრირებული პრაგმატული შემგუებლობა მხოლოდ მცირედად თუ შეძლებს მოქალაქის ფორმირებას, საერთოდ თუ მოინდომებს ამას. ისიც გავიხსენოთ, რომ ცოდნის მიმართ პრაგმატული მიდგომა დაბლა სწევს კულტურის დონეს. `ლევადა-ცენტრის” სოციოლოგების შეფასებით, მაღალი კულტურისკენ ქვეყნის მოსახლეობის სულ რაღაც 1-2 პროცენტია მიდრეკილი!”

ამის შემდგომ დგება რუსული სააზროვნო სივრცის ტრადიციულად მტკივნეული კითხვა: `რა ვაკეთოთ?”  დასახელებული პრობლემების გადასაწყვეტად ბატონ სმოლინს მიზანშეწონილად და აუცილებლად მიაჩნია სპეციალური პროგრამის შექმნა, რომელსაც შესაძლოა `პედაგოგიური კადრები” ეწოდოს. ამ პროგრამის ზოგიერთი ელემენტი ასეა დანახული და გააზრებული:
1. პედაგოგიურ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი სახელმწიფო გამოცდა თუ არ გაუქმდება, მინიმუმ უნდა შეივსოს მოთხოვნით _ შემოწმდეს აბიტურიენტთა კომუნიკაციური უნარები და სათანადო მოტივაცია (მაგალითად, ბავშვების სიყვარული). ბოლოს და ბოლოს უნდა გავიგოთ, რომ ყველა, ვინც მათემატიკა სხვებზე უკეთ იცის, ვერ იქნება საუკეთესო მასწავლებელი.
2. უნდა ვიფიქროთ, რომ ამაღლდეს პედაგოგიური უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სტატუსი – მისი სტიპენდია უნდა გაიზარდოს საცხოვრებელი მინიმუმის დონემდე ანუ დაახლოებით ოთხჯერ (შედარებისთვის: 20 წლის წინ ეს სტიპენდია საცხოვრებელი მინიმუმის 80% შეადგენდა, ახლა დაახლოებით 22%-ია).
3. პედაგოგიურ უმაღლეს სასწავლებლებში შემოღებული უნდა იქნას დამატებითი განათლების სპეციალური პროგრამები, რომლებიც მომავალ მასწავლებელს ყოველმხრივ განვითარებულ პიროვნებად აქცევს (სოციოლოგთა კვლევის მიხედვით, მოსწავლეები მასწავლებლისგან, პირველყოვლისა, სწორედ ამას ითხოვენ).
4. უნდა დამუშავდეს ახალგაზრდა სპეციალისტთა დახმარებისა და წახალისების სპეციალური პროგრამები (მაგალითად, მათთვის გამოიყოს სამსახურებრივი საცხოვრებელი ადგილი, რომლის პრივატიზებაც შესაძლებელი იქნება გარკვეული დროის გასვლის შემდეგ).
5. გადაწყდეს პედაგოგის შრომის ანაზღაურებისა და მისი სოციალური სტატუსის ყველა პარამეტრის მიხედვით ამაღლების საკვანძო პრობლემა.
6. საზოგადოებაში შეიცვალოს საინფორმაციო გარემო. მედიამ (განსაკუთრებით _ ელექტრონულმა) ბევრად მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს საგანმანათლებლო გადაცემებსა და პუბლიკაციებს.

ბატონ სმოლინს ეს პროგრამა საკმაოდ რეალისტურად ეჩვენება პოლიტიკური ელიტის მიერ სათანადო ნების გამოხატვის შემთხვევაში, მაგრამ, მისი შეფასებით, ასეთი ნება ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

 

 

 

ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?